და კიდევ ერთი საიდუმლო...
ჯინი მშვიდად უსმენდა ექიმს. ის ახლა იმ მოულოდნელ შეხვედრაზე ფიქრობდა, რომელიც წინადღეს ჰქონდა.
გუკმა დაღლილობა მოიმიზეზა, ამიტომ ჯინი სასეირნოდ მარტო გავიდა და ყურეს კლდოვან ნაპირს გაუყვა იმ ადგილისკენ, სადაც ცოტა ხნის წინ გემი ჩაიძირა. ის მიუყვებოდა ბილიკს, რომელიც კლაკნილ გორაკს ერტყა გარს და უეცრად, ფრიალოს წვერზე დაინახა მაღალი მამაკაცი, რომელიც ჩაფიქრებული ზღვას გაჰყურებდა. როცა ბიჭი მიუახლოვდა (ცოტა ნერვიულად, რადგან სასეირნოდ ნაკლებად შესაფერის ამ ადგილს უცნობ ადამიანს იშვიათად შეხვდებოდი), მამაკაცი მისკენ მიბრუნდა და თქვა:
-" ზღვა ველური და მოურჯულებელი რამ არის". ჯინმა გაოცებულმა გახედა. უცნობის სახე ასევე ველური და მოურჯულებელი ჩანდა; ქერა თმას ქარი უწეწავდა, ხოლო სიგამხდრისაგან ჩავარდნილი ლოყები უფრო გამოკვეთდა იასამნისფერ თვალებს, რომელიც კაცს მისთვის მიეპყრო.
-" დიახ, - წაილუღლუღა შეცბუნებულმა ჯინმა. - მართლაც, ვფიქრობ, ის ძალიან საშიში შეიძლება იყოს".
უცნობის მომნუსხველმა მზერამ ჯინი აიძულა, მისთვის თვალი გაესწორებინა, მიუხედავად იმისა, რომ ბიჭის ბუნებაც და ის ნორმებიც, რომელსაც აღზრდისას ჩააგონებდნენ, ამას ეწინააღმდეგებოდა. უცნობის თვალების მომნუსხველი ძალა ცოტათი გაიფანტაზ როცა მის სახეზე ღიმილი ათამაშდა.
-" მომიტევეთ უხეშობა, - თქვა კაცმა აშკარა, მაგრამ ფუჭი მცდელობით, სანდომიანი გამომეტყველება მიეღო, - თვქენ ბატონი კიმი ბრძანდებით, ხომ ასეა? ნება მიბოძეთ, თავი წარმოგიდგინოთ: მე გრაფი დრაკულა ვარ. ტრანსილვანიაში ვცხოვრობდი, ახლა კი ლონდონში დამკვიდრებას ვაპირებ".
-" ლონდონში? - იჭვნეულად იკითხა ჯინმა, რომელიც დაბნეულობისაგან სრულიად არ დაფიქრებულა იმაზე, თუ საიდან უნდა სცოდნოდა ამ კაცს მისი ვინაობა. - მაგრამ აქ..."
-"ძალზე შორია ლონდონიდან, არა? - მის ნაცვლად დაასრულა წინადადება გრაფმა. - აქ მხოლოდ პატარა საქმის მოსაგვარებლად ჩამოვედი. გემს, რომლითაც ჩემი ბარგი ჩამოჰქონდათ, ქარიშხალის გამო გეზი ეცვალა და ამ ყურეში ჩაიძირა. ჰოდა, ჩემი ნივთების მოსაგროვებლად ჩამოვედი. და კიდევ - ამ მშვენიერ ზღვის ჰაერის ჩასასუნთქად", - დაასრულა მან და არაბუნებრივად გაიცინა.
გრაფთან შეხვედრამ ჯინი ააფორიაქა, მაგრამ ამასთანავე, მისდა გასაოცრად, უცნობმა რაღაცნაირად მოხიბლა. ამ კაცს ისეთი აურა ჰქონდა, რომელიც აუხსნელ დამაჯერებლობას სძენდა ყველაფერს, რასაც ამბობდა და, უცნაური გარეგნობისა და მანერების მიუხედავად, მომნუსხველ ზემოქმედებას ახდენდა.
-" დიახ, მესმის, - უპასუხა მან მოჩვენებითი სილაღით.- კეთილი, რადგან აქ იმყოფებით, გრაფო, ჩვენთან უნდა მობრძანდეთ. - მას ესმოდა, რომ უცნაური იყო, სრულიად უცნობი ადამიანის შინ მიპატიჟება, მაგრამ ამასთანავე ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ სწორად იქცეოდა. - ჩემს ქმარსაც აქვს ლონდონში სახლი, ამდენად, შესაძლოა, იქაურ ცხოვრებასთან დაკავშირებით რაიმე რჩევაც მოგცეთ".
-" უღრმესი მადლობა,- მიუგო გრაფმა და თავი დაუკრა. - დიდი სიამოვნებით გეწვევით. ახლა კი, თუ ნებას მომცემთ, ქალაქში საქმეზე უნდა წავიდე". მან კიდევ ერთხელ მდაბლად დაუკრა თავი ჯინს და იმდენად დიდი ნაბიჯებით გაეცალა იქაურობას, რომ მყისიერად კარგა მოზრდილი გზა გაიარა. ჯინმა კი უეცრად ისეთი სისუსტე იგრძნო, თითქოს სალმაოზე მეტი სასმელი დაელიოს. თავში უამრავი ისეთი აზრი უტრიალებდა, რომელიც თითქოს უეცრად მისთვის სხვას ჩაეგონებინა, და კვლავაც არ ტოვებდა უსიამოვნო შეგრძნება - არადა, გრაფი ისეთი მომხიბვლავი და თავაზიანი ჩანდა! - მაშ, რამ შეაშფოთა ასე ძლიერ?.. თან, მისნაირი თვალები ჯერ არასოდეს მინახავსო, - გაიფიქრა და თუმცა სრულიად მარტო იყო, ამის გამო სახეზე ალმური მოედო.
