სისხლისგან დაცლილი...
მეორე დღემ უფრო მშვიდად ჩაიარა. პაკმა თქვა, რომ ის გაჰყვებოდა ჯონგუკს, რომელიც მომდევნო დღეს ლომდონში ბრუნდებოდა. ვახშმის შემდეგ ჯინმა კვლავ იგრძნო სისუსტე დაიჩივლა და დაწოლა ამჯობინა, ამიტომ დანარჩენებმაც გადაწყვიტეს, დასაძინებლად წასულიყვნენ; ნამჯუნმა ჯინის გვერდით ოთახში დარჩენა ამჯობინა. გუკმა დიდხანს ვერ მოხუჭა თვალი. მას საქმროს გაუჩინარებასა და მეგობრის იდუმალებით მოცულ სნეულებაზე ფიქრი არ ასვენებდა. ბოლოს და ბოლოს, რის ვაივაგლახით ჩაძინებული ბიჭი პაკის კაკუნმა გააღვიძა. მერე, თითქმის მთელი საათის ამდგარი, დაღლილობას ვერ ერეოდა, მთვარეულივით დააბიჯებდა, მაგრამ პაკთან ერთად, მიტკალივით გაფითრებული და დაუძლურებული ჯინის გარშემო ფუსფუსებდა.
თურმე პაკი ნამჯუნს გაეღვიძებინა, როცა ოთახში შევიდა და დაინახა, რომ ჯინი ძილში საშინლად ბორგავდა და კვნესოდა. თუმცა ამის აშკარა ნიშნები არ დაუნახავს, პაკი მაინც უცებ მიხვდა, რომ ჯინის ტანჯვის მიზეზი სისხლნაკლებობა იყო. რადგან მათ სიახლოვეს საავადმყოფო არ არსებობდა, ექიმმა გადაწყვიტა, თავად ჩაეტარებინა სისხლის გადასხმის პროცედურა, ხოლო დონორობა ნამჯუნმა იკისრა. სულ მალე ისინი ამ გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნდნენ, რადგან თანდათან ჯინს სახეზე ფერი დაუბრუნდა და სუნთქვაც გამოუკეთდა.
გადასხმის დროს, სანამ ჯინს ჯერ კიდევ ციებიანივით აკანკალებდა, გუკი მის კისერზე შემოხვეულ ყელსახვევს დასწვდა და შემოხსნა დაუპირა, რათა ავადმყოფისთვის სუნთქვა შეემსუბუქებინა. მაგრამ პაკმა გააფთრებული ჟესტით შეაჩერა; ბიჭმა გაოცებული მზერა შეაგება. უტყვი კითხვის პასუხად, ექიმმა თვალებით ნამჯუნზე მიანიშნა, რომელსაც ამ დროს, სისხლის გადასხმით მიყენებული ტკივილისგან სახე დამანჭოდა. გუკმა ხელი უშვა ყელსახვევს, მაგრამ მაინც მოასწრო ჯინის კისერზე ორი წერტილის დანახვა, რომელიც ძაღლის ეშვებით ნაკბენს ჰგავდა.
