ივლისი, სტუმრობა ახალდაქორწინებულებთან...
იორკშირის გზაზე ხანგრძლივი მგზავრობით დაღლილი ჯონგუკი ეტლში თვლემდა და ჯინის ერთი თვის წინანდელ ქორწილს იხსენებდა.
რა მშვენივრად გამოიყურებოდა მისი მეგობარი! და რა საუცხოო წვეულება გამართა მისმა მეუღლემ! სუფრაც მდიდრული იყო და ბრწყინვალე საზოგადოებაც შეიკრიბა. გუკმა დროის უმეტესი ნაწილი კიმის მეგობრის, ექიმ პაკის- როგორც თავად სთხოვდა, მისთვის მიემართა- ჩანიოლის გვერდით გაატარა. პაკი დახვეწილი კავალერი აღმოჩნდა, თუმცა დროდადრო მოულოდნელად სახეზე უცნაური ნაღველი აღებეჭდებოდა. სწორედ ერთ-ერთ ასეთ მომენტში დაიჭირა მან ბიჭის დაკვირვებული მზერა და გაანდო, რომ ადრე თავად ჰქონდა ჯინზე დაქორწინების იმედი.
ქორწილზე ფიქრმა ჯონგუკს იუნგი და მასთან დაკავშირებული გეგმები გაახსენა. უნებლიეთ შეიშმუშნა: თითქმის ორი კვირა გასულიყო, რაც საქმროს შესახებ არაფერი სმენოდა- იმ დღიდან, რაც ტრანსილვანიიდან ორი მოკლე ბარათი მიიღო. ასეთი რამ იმდენად უცხო იყო იუნგისთვის, რომ გუკმა გადაწყვიტა, მის ხეკმძღვანელს დაკავშირებოდა, მაგრამ მხოლოდ ის შეიტყო, რომ ისიც არ იმყოფებოდა ადგილზე და არავინ იცოდა, სად გაუჩინარებულიყო.
გუკს უმალ გამოუკეთდა გუნება, როცა ეტლების სადგომზე მის მომლოდინე ჯინს მოჰკრა თვალი. კიმის სახლამდე მგზავრობისას მათ სასიამოვნო ნახევარი საათი ჭორაობასა და ერთმანეთისთვის სიახლეების გაზიარებაში გაატარეს. კრეშჩენთ-ჰაუსი გაცილებით დიდი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვიდრე კიმების ლონდონური სახლი. თავდაპირველად გუკს ეუცხოებოდა უსაზღვრო სიმდიდრე და ლივრეებში გამოწყობილი მსახურები, მაგრამ ცოტა ხანში შეეჩვია სასახლეში დამკვიდრებულ ყოფას, სატრაპეზო რიტუალებისა და სეირნობასა თუ ჯირითს სოფლის შემოგარენში. მისდა გასახარად, კიმებს საუცხოო ბიბლიოთეკა ჰქონდათ და ისიც ინტერესით ეცნობოდა მრავალრიცხოვან თაროებზე ჩამწკრივებულ წიგნებს.
დღეები სასიამოვნო დროს ტარებაში მიედინებოდა, მაგრამ თამდათან გუკს მღელვარება ეძალებოდა, რადგან იუნგის ლონდონური ოფისიდან ახალი არაფერი ისმოდა. გუკი იმდენად დარდობდა ამის გამო, რომ თავის ახალ მეგობარს, დოქტორ პაკს გაუგზავნა დეპეშა თხოვნით - მისულიყო იუნგის ოფისში და მისი ხელმძღვანელის, მისტერ ბინისგან იუნგის შესახებ რაიმე გაერკვია.
