ჩასვლა...
ღრმა ფიქრებიდან გამორკვეულმა იუნგიმ გაოცებულმა ახედა პირქუში ციხე-კოშკის რუხ კედლებს. ის თითქოს მოულოდნელად ამოიზარდა ვიწრო ბილიკის ბოლოში, რომელზეც მათი ეტლი მიღოღავდა. მის თვალწინ იყო სხვადასხვა ზომის კუთხოვანი და წვეტიანი ქონგურებითა კოშკურებით გამორჩეული, უსახური ურჩხულის მსგავსი ნაგებობა. იუნგის თვალი გაუშტერდა და ამ დროს ერთ-ერთი ზედა ვიწრო ფანჯარა უეცრად, ზეთის ლამპის მკვეთრმა შუქმა გაანათა. იუნგიმ ღრმად ამოისუნთქა, რადგან ეს იყო ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც ხელები გაეშალა, რათა ფანჯრის ფრთებს მისწვდენოდა.
იუნგი ბოლომდე კვლავაც არ გამორკვეულიყო მთელი იმ ხნის მანძილზე, სანამ ძარღვიანი მეეტლე მის ბარგს გადმოიტანდა, ჰოლში დაუდევრად დაყრიდა და შემდეგ ცხენების მისახედად უკან დაბრუნდებოდა. იუნგი ვრცელ, დიდგვაროვნისთვის შესაფერის ჰოლში აღმოჩნდა, რომელიც ამასთანავე, მოუვლელი იყო. ხოლო უცნაური გაურკვეველი ხმები, რომლებიც კუთხეებიდან მოისმოდა, გაფიქრებინებდა, რომ იქ პატარა აბეზარ არსებებს - მწერებს დაედოთ ბინა. ჰოლის ყველა მხარეს კარი გადიოდა, ხოლო აივანზე ასასვლელად, ფართო ხვეული კიბე იყო აგებული.
რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა იუნგის უკვე თითქმის ამოეწურა მოთმინება, ზედა სართულიდან კარის გაჯახუნების ძლიერი ხმა გაისმა, მას ნაბიჯების ხმა მოჰყვა და იუნგიმაც მაღლა აიხედა.
თუ კიბე ერთობ შთამბეჭდავი იყო, მასზე ჩამომავალი კაცი კიდევ უფრო შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. იგი უჩვეულოდ მაღალი გახლდათ და მის სიმაღლეს თითქოს აორკეცებდა ის გარემოება, რომ ახლა სტუმარს ზემოდან დაჰყურებდა. მხოლოდ მხრებზე მოსხმული, გრძელი შავი მოსასხამი, რომელსაც მეწამული ატლასის ზოლები დაყვებოდა, ანიჭებდა მის ფიგურას ცოცხალი ადამიანის იერს, რადგან მის ქვეშ თითქოს უხორცო ჩონჩხი იმალებოდა, რომელიც ჩაზნექილი გულმკერდიდან პირდაპირ უსიცოცხლო თხელ თითებსა და შავი შარვლით დაფარულ ფეხებს უკავშირდებოდა. ლოყებჩაცვენილი, მკვდრისფერი სახე იუნგის ჩააშტერდა და ახალგაზრდა კაცმა უმალ შეაფასა ამ იასამნისფერი თვალების როგორც უჩვეულო, საოცარი სილამაზე, ასევე საფრთხე და ძალა, რომელიც ამ მზერაში იკითხებოდა.
-"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!- გაისმა ხმა.- მე გრაფი დრაკულა გახლავართ. გთხოვთ, გამომყევით და თქვენს ოთახს გიჩვენებთ".
იუნგი გაოცდა, რადგან ხმა გვერდიდან, მარჯვენა მხრიდან მოესმა -არადა, გრაფს ჯერ კიბე არ ჩამიეთავებინა. მან ძალა მოიკრიბა, რათა ეტიკეტის წესები არ დაერღვია, ხელი გაუწოდა და ენის ბორძიკით, თავაზიანად უოასუხა:
-" ჩემთვის დიდი პატივია, სერ. - შემდეგ, სუნთქვაშეკრულმა დასძინა: - მადლობელი ვარ, რომ თქვენს კოშკში მომიწვიეთ".
ხელი, რომელიც მასპინძელმა ჩამოსართმევად გაუწოდა, ქაღალდივით მშრალი და მყიფე იყო, თუმცა არც ღონე და არც სიმტკიცე არ აკლდა.
-" ამაღამ დაისვენეთ, - გრაფს ინტონაციაში კითხვის ნიშანი არ გაურევია. იუნგიც არ შეწინააღმდეგებია. - თქვენს ოთახში საჭმელ- სასმელიც არის".
იუნგის უსასრულოდ მოეჩვენა ნესტიანი ქვის დერეფნებით სვლა მის ოთახამდე, რომელიც მისდა გასაკვირად, საკნაოდ კარგად იყო მოწყობილი - კონფორტული საწოლითა და მოსახერხებელი ავეჯით.
დამშვიდობებისას გრაფმა უცნაური შენიშვნით მიმართა:
"- გირჩევთ, თქვენი ოთახიდან არ გამოხვიდეთ, ბატონო მინ: დრაკულას ციხე-კოშკი ღამით არცთუ ისე სასიამოვნო ადგილია".
გრაფის ნათქვამი სრული ჭეშმარიტება ყოფილა.
