ივნისი, საქმიანი მივლინება...
იუნგის მოგზაურობა დასასრულს უახლოვდებოდა. ბოლო მონაკვეთი იმ ეტლით უნდა გაევლო, რომელიც ახლა ქალაქის გასასვლელთან, გზაჯვარედინზე ელოდებოდა. მოლეული, გაძვალტყავებული ცხენების წყვილი ნერვულად აბაკუნებდა ფლოქვებს. სადავეები ასეთივე გამხდარ მეეტლეს ეჭირა, რომელიც წელგამართული, გაუნძრევლად იჯდა. მისი მოსასხამის ბოლოებს ცივი ქარი აფრიალებდა. კაპიუშონი სახეზე ჩამოეფარებინა, ამიტომ სახე არ უჩანდა და მხოლოდ იმის გარჩევა იყო შესაძლებელი, რომ ფერმკრთალი იყო, კეხიანი ცხვირი და წვეტიანინიკაპი ჰქონდა.
როცა იუნგიმ ეტლიდან ნაბიჯი გადმოდგა, ერთ-ერთი თანამგზავრი - ხნიერი ქალი, რომელიც ბოშას ჰგავდა- მიუახლოვდა, სახელოზე წაეტანა, რაღაც წაილუღლუღა და პატარა თაიგული შეაჩეჩა ხელში, თან თვალებით თითქოს რაღაც ანიშნა. მის მზერაში ერთდროულად, შიშიც ჩამდგარიყო და სიმტკიცეც, თითქოს საბრძოლველად იყო შემართული. ან იქნებ ეს გამოწვევა იყო?.. მეეტლის დამხმარე რაღაცნაირად, დამრთხალი ადამიანივით დაფუსფუსებდა; მან იუნგის ბარგი მეორე, უფრო მომცრო ეტლში გადაიტანა, მერე დაბრუნდა და პირჯვარი გადაიწერა. მეეტლემ სადავეები მოჭიმა და ახალმოსულს ხრინწიანი ხმით ადგილობრივ დიალექტზე რაღაც გადასძახა. მეორემ, წაწვეტებულსახიანმა რაღაც ჩაიჩურჩულა, მაგრამ აშკარა იყო, გაუგონა, რადგან თანხმობის ნიშნად, წარბები შეკრა, მერე მიწაზე გადააფურთხა, შოლტი შემოკრა და ეკიპაჟი გზას გაუდგა.
